რამ გაგვაძლებინა–4

თამაზ კობერიძის მონათხრობი: შემოვიდნენ და ბარბაროსებივით დაერივნენ ყველაფერს, დაიწყეს ძარცვა-გლეჯა, რაც კი მოხვდებოდათ ყველაფერს იტაცებდნენ, არ თაკილობდნენ უბრალო წვრილმანების წაღებასაც კი. ადგილობრივს კი ვისაც დაიჭერდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ, სულში აფურთხებდნენ, ან უბრალოდ კლავდნენ. დაეძებდნენ ახალგაზრდებს, მეტადრე გოგონებს გასაგები მიზეზების გამო. და ამ ყველაფერს სჩადიოდნენ რუს ჯარისკაცებთან ერთად, შეხმატკბილებულად. ადგილობრივებს აიძულებდნენ დაეტვირთად თავისი ხელით ნაძარცვი ნივთები.გამოერეკათ სახლებიდან საქონელი და აიძულებდნენ თვითონვე გადაერეკათ ოკუპირებულ ცხინვალამდე...

გერისო ბაციკაძის  მონათხრობი: სახლებს ჯერ გაძარცვავდნენ შემდეგ წვავდნენ. ჩვენ სოფელში ოთხი სახლი გადაწვეს, გაცოფებულები დაძრწოდნენ, უმიზნოდ ისროდნენ. რუსმა ჯარისკაცებმა სოფლის გარშემო მოაწყვეს პიკეტები, ოსი სეპარატისტები კი თავისუფლად დათარეშობდნენ სოფელში. მათი თარეში დაიწყო ათი აგვისტოდან და ინტენსიური სახით გაგრძელდა თექვსმეტ რიცხვამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ბაღებში ვიყავით გასულები და შორიდან ვუყურებდით სოფლის აოხრებას...
 
თამაზ კობერიძის მონათხრობი:  ვჭამდით მარტო პომიდორს, ხილს, ზაფხული იყო და ხილი მაინც იყო. პური არ გვქონდა, ფქვილი რომც „მოგვეპარა“ და ღამით გამოგვეტანა ჩვენივე სახლებიდან, სად უნდა გამოგვეცხო. საქონელი თან გვყავდა გაყვანილი, ვინც მოვასწარით და ვაბალახებდით უკვე მოწეულ მოსავალში, რა გვექნა სხვაგან სად წაგვეყვანა?...

ალექსი ტყემალაძის მონათხრობი: და თუ ვინმეს დაიჭერდნენ ისეთ რამის გაკეთებას აიძულებდნენ, რომ პიროვნებას მორალურად ანადგურებდნენ. ერთ დღეს შემთხვევით დაიჭირეს ჩვენი სოფლის მკვიდრები ნაყიდა ქოქოშვილი და ლოვა ყულუბეგაშვილი. მათ აიძულეს სოფლის საქონელი გადაერეკათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როცა ნახირი მიჰყავდათ, ისინი გაიქცნენ, არ ინდომეს მეზობლების საქონელი თვითონ გადაერეკათ მტარვალებისთვის. გაიქცნენ და ტყვიების წვიმაც მიაყოლეს ოკუპანტებმა და დაქირავებულებმა. ლოვამ გამოასწრო, ნაყიდა ადგილზევე მოკლეს...
 
ალბერტ ბარამაშვილის მონათხრობი: საღამომდე ვერ ვეკარებოდით ნაყიდას ცხედარს.როცა დაღამდა ჩუმად „მოვიპარეთ“ ცხედარი და ბაღებში დავასაფლავეთ.შენდობაც კი ვერ ვუთხარით... დღის განმავლობაში უამრავი ჯურის ადამიანი შემოდიოდა სოფელში. ზოგი ძარცვითიყო დაკავებული, ზოგი სახლების დაწვით „ერთობოდა“. სოფელში ოთხი სახლი დაწვეს, თუ რატომ დღემდე არავინ იცის. რაც რამე სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა იყო, ყველაფერი გაიტანეს, მოკლედ გააპარტახეს სოფელი...

ლიმერი ნებიერიძის მონათხრობი: ასეთი განუკითხაობა ოქტომბრის დასაწყისამდე გაგრძელდა. ვცხოვრობდით მოლოდინის რეჟიმით, უდიდესი გაჭირვება გადავიტანეთ მორალური თუ ფსიქოლოგიური, მაგრამ მაინც გავუძელით... იცით ყველაზე საშინლად რა მახსენდება?__სიჩუმე. აი, რა იყო ყველაზე ამაზრზენი მაშინ. დაცრიელებული სოფელი და სიჩუმე...