ლიმერი ნებიერიძის მონათხრობი: ქალი ვიყავი, მაგრამ მაინც არ დავტოვე სოფელი, ან სად უნდა წავსულიყავი, როცა ქმრის საფლავი აქ მეგულება, როცა მთელი ჩემი ცხოვრება ამ სოფელთანაა დაკავშირებული, ყველა მოგონება, ავი თუ კარგი ჩემს სოფელთანაა მიჯაჭვული...
ალექსი ტყემალაძის მონათხრობი: გზის განაპირას ვცხოვრობ და ვხედავდი რამდენი დაჭრილი და მიცვალებული გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან. ქართული ჯარი უკან იხევდა და გვირჩევდნენ, რომ ჩვენც დაგვეტოვებინა სოფელი. მე სულაც არ ვფიქრობდი აქაურობის მიტოვებას, იმწუთას სოფლის დატოვება, ჩემი ვაჟის საფლავის მიტოვება ჩემთვის ჩემი შვილის მეორედ გარდაცვალების ტოლფასი იქნებოდა...
გერისო ბაციკაძის მონათხრობი: სოფელი დაცარიელდა, მარტო რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა. ბავშვების ჟივილ-ხივილი ზარბაზნისა და ბომბების ხმამ შეცვალა. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მალე გავიგეთ თავზარდამცემი ამბავი: ჩვენი სოფლის შვილი ვალერი ციცქიშვილი ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლებში გარდაცვლილიყო...
ალბერტ ბარამაშვილის მონათხრობი: უკვე უკიდურესად გაგვიჭირდა, გამუდმებულ დაბომბვას და სამხედრო იერიშს, სეპარსტისტთა შემოსვლა და მარადიორობა დაემატა. ცხონებული ვალერის დატირება ხეირიანად ვერც კი მოვახერხეთ, ოსები უკვე სოფელში შემოვიდნენ ცეცხლით და მახვილით, არავის ინდობდნენ. ჩვენ სასწრაფოდ გავთხარეთ ვალერისთვის საფლავი ცენტრში, ეკლესიის ეზოში, მაგრამ ბოლომდე ვერც კი მოვასწარით გათხრა, სასწრაფო წესით ნაჩქარევად დავკრძალეთ ვალერი. რადგან ძალიან გვეშინოდა შეურაცყოფა არ მიეყენებინათ მიცვალებულისათვის, ვიცოდით, რომ ისინი ყველაფერს იკადრებდნენ. ჩვენ ყველა გავერიდეთ და გავედით ბაღებში...